„ჩვენი დამოკიდებულება იყო ძალიან მკაფიო. ამ ფონზე თქვენ გახსოვთ, როგორ ვითარდებოდა პროცესები. ჯერ იყო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა, ეს მოხდა ომის დაწყებიდან ოთხ-ხუთ დღეში. საბაბი ამისთვის იყო ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ ჩვენ უარი ვთქვით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნაზე მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში და მეორე საბაბი იყო სანქციების არდაწესება. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"იყო მტრული დამოკიდებულება, რომელიც გამოვლინდა, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად განაგრძობდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მუდმივად გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ამის შემდეგ ვიხილეთ კიდევ ერთი აქტი, ეს იყო საქართველოს ელჩის გაძევება უკრაინიდან. საბაბი იყო თითქოს მიხეილ სააკაშვილის წამება ჩვენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქაც კიდევ ერთი მტრული აქტი, ყოვლად უსაფუძვლო, რომელიც განახორციელა უკრაინის ხელისუფლებამ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ის ელჩი, რომელსაც ომის დაწყების პირველი დღიდან, როდესაც ბომბები ცვიოდა, არცერთი დღით არ დაუტოვებია კიევი მაშინ, როდესაც ძალიან ბევრმა ელჩმა მაშინვე მიატოვა კიევი საკუთარი ხელისუფლებების მითითებით. ეს არის ფაქტების ქრონოლოგია, რომელიც შემიძლია, გავიხსენო.

ასევე, შემდეგ იყო არაერთი მტრული განცხადება, ასევე უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან იყო ომში ჩართვისკენ პირდაპირი მოწოდებები. მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ბატონი პოდოლიაკი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, ბატონი დანილოვი დ.ა. დეპუტატებზე აღარაფერს ვამბობ, მუდმივად, ოთხი წლის განმავლობაში, უკრაინის მხრიდან მტრული დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვრჩებოდით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

ჩვენ რამდენიმე დღის წინაც მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელსაც, სხვათა შორის, არაერთმა „პროდასავლურმა“ და „ანტირუსულმა“ ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. ჩვენი პოზიცია აქაც იყო ურყევი თუმცა, ხედავთ, რომ ყველას მხრიდან არის ორმაგი სტანდარტები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი. მათ შორის მიზეზი შეიძლება, ისიც იყოს, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს. ფაქტია, მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია მყარი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.