ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ იმსახურებს, ეს მართლა ტრაგიკულია.
ელჩი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება ან ერთი და ამას უწოდებს ევროკავშირის გზას, ან მეორე - სამოქალაქო ომი და გაღარიბება. ამით ემუქრება ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს. მას რომ არ შეუძლია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. რა თქმა უნდა, ამისთვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სხვა განცხადებებით ამ უმძიმეს განცხადებას ვერ გადაფარავთ, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მიმართ, მუქარა სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. ეს არის უმარტივესი ლოგიკური განმარტება, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ უახლოეს მომავალშ გადაწყდება ქვეყნის ბედი ან ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით, რაც არის სამოქალაქო ომი და გაღარიბება, ჯერ ჩაეკითხეთ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა აქამდე. ჰერჩინსკის როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე. ერთხელ ხომ სცადა, ორჯერ ხომ სცადა, ხუთჯერ ხომ სცადა. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში.
ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველ ხალხს მოუწოდებდა „ნაცების“ დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა მობილიზდითო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში „ნაცებიო“. პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ის პირდაპირ, თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9-წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება. ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა და განაცხადა: ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში




