საფრანგეთში, ლუარის დეპარტამენტის ერთ-ერთ თავშესაფარში, ევროპის ყველაზე ხანდაზმული ლომი, სახელად "ჯიბო" მოკვდა..
ცხოველმა, რომელიც წარსულში ცირკის „მსახიობი“ იყო, რეკორდულ - 27 წლის ასაკს მიაღწია, რაც ამ სახეობისთვის თითქმის შეუძლებელ მაჩვენებლად ითვლება. თავშესაფარმა Tonga Terre d’Accueil-მა სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა: „ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი სიმბოლური ბინადრის, ჯიბოს გარდაცვალებას. ის იყო ევროპაში, და შესაძლოა მის ფარგლებს გარეთაც, ყველაზე ხანდაზმული ლომი“. როგორც გამოცემა წერს, ველურ ბუნებაში ლომები, როგორც წესი, 10 წლამდე ცოცხლობენ, ტყვეობაში კი მათმა ასაკმა შესაძლოა 20 წელს მიაღწიოს.
ჯიბოს მიერ 2026 წლის დასაწყისში აღნიშნული 27-ე დაბადების დღე კი ნამდვილი ბიოლოგიური სასწაული იყო. ლომმა ცხოვრების დიდი ნაწილი სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთ ცირკში გაატარა. თავშესაფარში გადაყვანისას ის უკიდურესად გამოფიტული და აგრესიული იყო, თუმცა წლების განმავლობაში მშვიდ გარემოში რეაბილიტაცია შეძლო. ბოლო წლები მარტოობაში გაატარა, რადგან 2024 წელს მისი პარტნიორი ძუ ლომი, პრინცესა მოკვდა. თავშესაფრის ადმინისტრაციის განმარტებით, აპრილის შუა რიცხვებამდე ჯიბო მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა — მან საკვების მიღება შეწყვიტა და გადაადგილება უჭირდა. ცხოველის ტანჯვის შესამსუბუქებლად, ვეტერინარებმა მისი დაძინების (ევთანაზიის) გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ჯიბოს გარდაცვალების პარალელურად, თავშესაფარმა ოთხი ახალი ბინადარი მიიღო. ცირკის მფლობელმა კეთილი ნების საფუძველზე ორგანიზაციას 6-დან 8 წლამდე ასაკის ოთხი ძუ ლომი გადასცა, რომლებიც ამჟამად ადაპტაციის პერიოდს მშვიდ გარემოში გადიან.




