ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს: თბილისიდან ბათუმში - დილის 9 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისში - 19.30-ზე. ფრენის ხანგრძლივობაა 45 წუთი.
თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი მეზვრიშვილმა და “ტავ ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.




