შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლების მისაღები გამოცდები 11 და 12 ივლისს ჩატარდება
სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლების მისაღები გამოცდები 11 ივლისს - მათემატიკაში, 12 ივლისს კი ზოგად უნარებში მხოლოდ ორ ქალაქში - თბილისში (ქ.თბილისი, დიღმის მას. III კვ - თბილისის №147 საჯარო სკოლაში) და ქუთაისში (ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15 - ქუთაისის №23 საჯარო სკოლაში) ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 11 და 12 ივლისს 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო გამოცდა - 10:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასევე შესაძლებელია პასპორტი).
მათემატიკაში ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა - 60. ზოგადი უნარების გამოცდა 2 საათი გრძელდება, ხოლო მისი მაქსიმალური ქულაა 40.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს cadet.mod.gov.ge