"ძალიან მცირე შანსები რჩება ოპოზიციის წარმატებისთვის. მით უმეტეს, რომ ოცნება კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებს და ოპოზიცია ილუზიებითა და ლოზუნგებით. ავტორიტარული რეჟიმები ახალ ეტაპზე აღარ არიან მარტივად მოწყვლადები. მათი ჩამოშლის შესაძლებლობა მცირეა, მით უმეტეს, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის გზით. არც საერთაშორისო დელეგიტიმაცია დააკლებს ბევრს, რადგან ამას მარტივად უპირისპირებენ დემოკრატიული სამყაროსგან თვითდისტანცირების ტაქტიკას. - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ირგვლივ რეგიონში ძირითადი მოთამაშეები ავტორიტარული ქვეყნები არიან, ამიტომ ევროპასთან ინტეგრაციაზე უარი რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციას არ ნიშნავს. დასავლეთი შეეგუება საქართველოს ავტორიტარულ მთავრობასთან საქმიან ურთიერთობას.
რაც შეეხება ხალხის პროტესტს, გააკონტროლებენ ინდოქტრინირებული ძალოვანებისა და მოსამართლეების ხელით. ფული არ მოაკლდებათ, რადგან ევროპა-აზიის დერეფანი და უკრაინის ომი მათ დიდ შემოსავალს აძლევს. ასევე მნიშვნელოვანი შემოდინებებია უცხოეთიდან გადმორიცხვებისა და უამრავი ქვეყნებისთვის უვიზოს დაწესების შედეგად მიგრანტების შემოდინების ხარჯზე. მოკლედ, შევარდნაძის რეჟიმივით "ჩამოშლა" ნაკლებსავარაუდოა. ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს ვერაფერს დააკლებს, რადგან აქ მონაწილეობის ქვედა ზღვარი არ არსებობს. პოლიტიკური პარტიები კი ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაშორდებიან და დაკარგავენ ბმას საკუთარ ამომრჩევლებთან. ვფიქრობ ეს მცდარი გზაა. შეუძლებელია ასევე ვიფიქროთ, რომ ლელო (მით უმეტეს გახარია) ახლა უკან დაიხევს და გამოვა არჩევნებიდან. მათი დამუნათებით და დემონიზებით კი ოპოზიციის მეორე ნაწილი დიდ შეცდომას უშვებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის და სხვა პარტიებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ლელოს დამარცხება და გაქრობა, ვიდრე ქართული ოცნების დამარცხება. მგონია, რომ ჯერ კიდევ შეიძლება შეთანხმდნენ პარტიები იმაზე მაინც, რომ ერთმანეთის დისკრედიტაციას მაინც შეეშვან. შეუძლია კი ამ შემთხვევაში ლელოს და გახარიას გამარჯვება თბილისში ან კიდევ სადმე სხვაგან? კი, შანსი არის, რადგან, თუ ოპოზიცია მათ დისკრედიტაციას დაანებებს თავს და ლელო და გახარია აქტიურად იმუშავებენ ამომრჩეველთან, შეიძლება დღეს სხვა ოპოზიციური ძალების მხრდამჭერმა ამომრჩევლების ნაწილმა ადგილობრივზე მათ მისცეს ხმა." - წერს კახა გოგოლაშვილი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს
მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს