ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, როგორც გლდანის რაიონისთვის, ისე საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება.
„თბილისის მერიის ინიციატივით, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც იყო გაუბედურებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე ე.წ. ამერის სტადიონი, დაგეგმილია ფეხბურთის მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენი დაპირება იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომ აქ მოეწყობოდა თანამედროვე საფეხბურთო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეში კარგი პროექტის განხორციელება, რადგან აღნიშნულ სტადიონზე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობდა, თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზეც.
„უკვე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. ძალიან მალე გვექნება შესაბამისი პროექტი და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზეც. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 11x11-ზე ფიფა-ს სტანდარტის ორი მოედნის სრული რეაბილიტაცია, არსებული ტერიტორიის სრული განახლება, ასევე, 7x7-ზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. მოედნების დატვირთვიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, საპირფარეშოები, საშხაპეები, სასაწყობე ფართები, ადმინისტრაციული ოთახები და ყველა საჭირო სივრცე, რაც განაპირობებს საფეხბურთო ცენტრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის ძველ სპორტულ დიდებას.
„გლდანის რაიონისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, იგივე „ავაზას“ საფეხბურთო ცენტრი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისდა სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა აღნიშნული სივრცე, ადგილმონაცველეობის პრინციპით, დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს და დღეს იქ საუკეთესო სპორტული სივრცეა. იგივე იქნება „ამერის“ სტადიონზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.