დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის განმარტება, რაც ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით მისმა ავტორმა, პატრიცია გჟებიკმა გააკეთა, მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ დაიწერა და საქართველოში ჩამოსვლა იყო ფარსი.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთი ადამიანის საქართველოში ორი დღით ჩამოსვლით საკითხების საფუძვლიანი შესწავლა ვერ მოხერხდებოდა.
„ის განმარტება, რაც მოვისმინეთ, მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი მათი პატრონების მიერ და აქ ჩამოსვლა იყო ფარსი. რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩამოდის ორი დღით? ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ალბათ, შეისწავლეს. ჩვენც ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, წარსულით და გვიხარია, რომ მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ის, რაც დასკვნაში წერია, იყო აბსოლუტური აბსურდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოთხოვნები, რომლებიც დოკუმენტშია ასახული, ქვეყნის დასაშანტაჟებლად დაიწერა, რისთვისაც ეუთო გამოიყენეს.
„ის მოთხოვნები, რაც არის ასახული, ამაზე ბოლო წლების განმავლობაში მთელი კამპანიები, შემოტევები, მუქარები, შანტაჟი ჰქონდათ აგორებული და ეს ახლაც გრძელდება. დღეს ეუთო გამოიყენეს ამ შანტაჟისთვის. არის წინასწარ დაწერილი დასკვნა. აქ ჩამოსვლა, ვითომ რაღაცების შესწავლა, იყო ფარსი. ყველაფერი იყო წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ქვეყანა აშანტაჟონ.
გავიხსენოთ, თუნდაც რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, ასევე FARA-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა შემდეგ თავად იღებენ იგივე კანონებს თავიანთ ქვეყნებში.
ეს ორმაგი სტანდარტი, ეს დამოკიდებულება ცხადი და ნათელია საქართველოს ხელისუფლებისთვის და დღეს უკვე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვისაც - თუ რა პროცესები მიდის, ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოსთვის და ხალხის ინტერესებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
„სიმართლე არის ჩვენს მხარეს, სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ამიტომ ვართ ასე ძლიერად და თავაწეულები ვსაუბრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.




