დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
როგორც თბილისის მერმა მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, წლებია გარე ძალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. მთავარია, რომ ქვეყნის მოსახლეობა სწორ ანალიზს აკეთებს.
“არ უნდა გაგვიკვირდეს. ვიცით, საქართველოსთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება არსებობს - წლების განმავლობაში უამრავი თანხა იხარჯებოდა, რომ გარედან ჩარევებით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, საზოგადოება დაეპირისპირებინათ, პოლარიზაცია გაეღრმავებინათ. ისინი დღესაც არ ჩერდებიან. ჯერ ჰაკერმანის წიგნს და გარე მითითებებს მიყვებოდნენ.
ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.




