დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა და პრემიერ-მინისტრმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
“ქვეყანაში რაც კი კარგი კეთდება, ყველაფერს ეწინააღმდეგებით. მე არ მახსოვს, რამე კარგი პროექტი განხორციელებულიყო ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულიყო და თქვენ პოზიტიური კომენტარი გაგეკეთებინათ.
რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა. შესაბამისად, თვითმფრინავების სამოძრაო ხაზი დაკორექტირდა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?”, - განაცხადა კახა კალაძემ.




