თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები და ასევე მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუსაფარი და შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების შესახებ კანონმდებლობა დაიხვეწა. ვიცით, რომ დედაქალაქის მასშტაბით ეს გამოწვევა დგას. დღეს ჩვენ საკრებულოს აქტები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოგვყავს.
მინდა მადლობა გადავუხადო ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთა ძალისხმევითაც დღეს დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის რიცხვი 78%-ს აღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა საოპერაციო შენობების აშენებასთან დაკავშირებით. გლდანში უკვე დასრულდა ცხოველებისთვის საოპერაციო შენობების აშენების პროცესი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია 800 ძაღლზე გათვლილი ვოლიერების მშენებლობა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.




