კვირას, 22 მარტს, სამების ტაძარში შესვლა მხოლოდ საშვებით იქნება დაშვებული. ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა. 

„ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია — სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი“, — განაცხადა მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, მედიასაც მხოლოდ გარეთ მუშაობის საშუალება ექნება.

„ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება... დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, — განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.