„ხალხის მობილიზება, თანამოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმება არის ის გზა და ფორმულა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმები. , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

"ძალიან მარტივი მოცემულობაა, ევროკავშირის წევრი უნგრეთი და საქართველო, რომელიც ევროკავშირის გზიდან ივანიშვილის გამო, დიდი ხანია, გადასულია. ეს არის განსხვავებული სინამდვილე და ამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს გულისხმობს, რომ საჭიროა მობილიზება, საჭიროა ჩვენი თანამოქალაქეების უფრო აქტიური ჩართვა და რეჟიმის დამარცხება სახალხო ერთიანობით“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მედიის კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რელიგია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ლაშა ფარულავამ უპასუხა: „როგორც ჩემთვის, ისე ჩემი თანაგუნდელებისთვის ეკლესია არის სივრცე, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის უნდა ვილოცოთ“.

„რაც შეეხება ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესს, ეს არის სეკულარიზმის პრინციპით მოსაწესრიგებელი. ეკლესია თავად აირჩევს პატრიარქს. ეს არის ის წმინდა სივრცე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არასდროს არავინ შეეხება. ვინმემ ჩვენი ეკლესია თუ დაასუსტა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საეკლესიო საკითხებზე როდესაც არის საუბარი, დამოუკიდებლობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეკლესიის შიგნით არავინ არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.