ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 4 200 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება.
პროექტის ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ტრენაჟორები და მოსასვენებელი პავილიონები.
სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„ხუდადოვის ქუჩის N102-ის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო. მოსახლეობის თხოვნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი სივრცე. ძალიან ლამაზი სკვერი გამოვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ დასვენება და განტვირთვა. სკვერში განთავსდება საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რათა არსებული ფერდი გამაგრდეს და იყოს უსაფრთხო. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა ვიდეომონიტორინგის კამერები, გარე განათების ქსელი, საერთო სარგებლობის კიბე და საყრდენი კედლები.
მისამართზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. გარე პერიმეტრზე მოეწყო ბორდიური და ტერიტორია შემოისაზღვრა უსაფრთხოების ღობით. ასევე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა არსებულ ხე-მცენარეებს.
ამ ეტაპზე, გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს, შენდება საყრდენი კედელი და სრულდება არმირების სამუშაოები.
პროექტს, რომლისთვისაც 850 000 ლარია გათვალისწინებული, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე იმყოფებოდა.




