ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია. FDA-საც ასევე გაცემული აქვს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ მწარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კვლევები გრძელდება, პროგნოზი დამაიმედებელია.
„ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია. FDA-საც ასევე გაცემული აქვს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ მწარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები. პროგნოზი მართლაც დამაიმედებელია, მართალია, რომ 10 წლის წინ მსგავს შესაძლებლობებზე ფიქრიც არ იყო, ეს გაჩნდა, მაგრამ ბოლომდე არ არის მიყვანილი საკითხი და საკმარისი საფუძველი არ არსებობს ამ გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც ჩემთვის, ისე, ბუნებრივია, ევროპული არაერთი სახელმწიფოსთვის“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა მედიკამენტ ვამოროლონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, პრაქტიკულად, იგივე ფუნქციის მედიკამენტია, რაც გაიცემა სახელმწიფო პროგრამით. მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხები.
„ვამოროლონი არის მედიკამენტი, რომელიც არის იგივე ჯგუფი, პრაქტიკულად, იგივე ფუნქციის მატარებელი, კორტიკოსტეროიდი, რომელიც დღეს ჩვენ სახელმწიფოს აქვს საკუთარ პროგრამაში, ამას აწვდის პაციენტებს.
ვიდრე კითხვებს, რომელთა შესახებ ვსაუბრობთ, პასუხი არ გაეცემა, არცერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და, ბუნებრივია, დაელოდება საკითხებზე საბოლოო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტების გაჩენას“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.




