„თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მგონი, ცოტა სხვა გზით მივდივართ. არ მინდა, მიშას დავასწრო ეს ამბები. ძალაში რაც რჩება, ეს არის რეფორმები. მე შიგნით შესვლამ, შეხვედრებმა რაღაცები უფრო ახლოდან დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეფორმების ჩატარება შეუძლია, ეს არის თვითონ მიშა. პატიმრობის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება. - ამის შესახებ  ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, უბრალოდ, მე არ ვიქნები სწორი, რომ მის იდეებზე ვისაუბრო, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ მინიშნებას გავაკეთებ - ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა.

უნდა ითქვას, რომ მიშა არის ამ პარტიის ლიდერი. ოპოზიციაში მყოფი ჩვენი ოპონენტები ამას იყენებენ, მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, მათ ეს მოსწონთ თუ არა. ეს ადამიანები მიშას მაგიდასთან 2012 წლის ბოლო დღემდე ისხდნენ. 2012 წლის ბოლო დღემდე ყველაზე გავლენიანი სტატუსი რომ გაქვს, ისეთი, როგორიც არის უშიშროების საბჭოს მდივნობა, გარდა ამისა, მის მაგიდასთან ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ხარ (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მის მეუღლეს) და დღეს ციხეში მყოფ სააკაშვილზე მელაპარაკები, რომ ავტოკრატი იყო, არასწორია. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ მიშა უნდა იყოს რეფორმების ხელმძღვანელი, მიშამ უნდა განსაზღვროს, ეს პარტია როგორი უნდა რომ იყოს იმიტომ, რომ ამ პარტიაში არის ამდენი წლის ნაბრძოლი ხალხი.

ხომ დამასახელა მან, მე შევედი, გავეცანი სიტუაციას, რეგიონებში ჩავედი, ვესაუბრე ხალხს, მერე მიშას გავაცანი, როგორ ხედავს ეს ხალხი და ეს ხალხი ამ პროცესს ასე ხედავს, რომ ამ რეფორმებს მხოლოდ მიშასგან მიიღებს. ბევრს თვალით არ ჰყავს ნანახი მიშა, რადგან 2012 წლის შემდეგ შევიდნენ პარტიაში.

მიშას გარდა, ავტორიტეტი აქვს ხაბეიშვილსაც იმიტომ, რომ იმ რეგიონში ადამიანი მეუბნება, ხაბეიშვილი თავმჯდომარე რომ იყო, ჩვენ აქ ძეხვს ერთად ვჭამდით ღამის 12 საათზეო; იქ ქორწილში „ხაბე“ ჩამოვიდაო... მიშა მათთვის არის სადღაც შორს მყოფი იდეა, მაგრამ ხელშესახები ადამიანი არის „ხაბე“. მთელი ამ ხნის განმავლობაში ორ ადამიანზე მესაუბრებოდნენ, ეს იყო შორს მყოფი მიშა და ახლოს მყოფი „ხაბე“, რომელიც ამ იდეების რეალიზებას სწორი კომუნიკაციის ფორმით ახდენდა.

... არ ვყოყმანობ, მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ.

ერთია ხალხის სიყვარული, მაგრამ ის არ კონვერტირდება პოლიტიკაში. მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ვიყო. პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის. მე მგონია, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ მლიქვნელობასა და აფერისტობას, რომ მოვიგონოთ ვიღაც, მერე ის ვაქციოთ პოლიტიკურ ლიდერად.

ჩვენთვის [„ნაციონალური მოძრაობისთვის”] საკითხი დგას ასე - ბიძინა თუ მიშა. ბიძინა არის მთავარი მოთამაშე. ჩვენ სხვა „ტიპებს“ მთავარ მოთამაშეებად არ ვთვლით, ვთვლით ბიძინას და აქეთ მიშას. ჩვენთვის ეს ორი ძლიერი მოთამაშეა. თუ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ფიგურაზე, დამისახელეთ მიშასა და ბიძინას დონის მოთამაშეები, არ არსებობს. ბიძინა მე არ მომწონს, მაგრამ ბიძინა არის მთავარი მოთამაშე, არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი და არავინ“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი