პროექტი 13 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდება და მასში, მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, 2 000-მდე  მსჯავრდებული ჩაერთვება.

პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულები ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექციებს გაეცნობიან. ჩატარდება თემატური ლექციები, გაიმართება დისკუსიები და ვორქშოფები ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელნაწერების, ნაქარგობისა და ქსოვილების, ხელოვნების ისტორიისა და მუზეუმის ფოტო-ფონოკოლექციების მიმართულებით. ლექციათა ციკლს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ქარციძე გაუძღვება.

ქსნის N10 პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტის წარდგენას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სსიპ - შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და კულტურის სამინისტროს სსიპ - შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს