დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობისა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას - შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას.
მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას და ჩვენს უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცების საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.