2026 წლის 21-22 თებერვალს იტალიის ქალაქ ლეკოში გაიმართა ყოველწლიური IX საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ (Black Belt Cup 2026), რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.
იტალიაში შეჯიბრის ორგანიზატორი იყო იტალიის სპორტული კარატეს გაერთიანებული ფედერაცია (UKS). ამ ტურნირზე, სადაც 20-მდე ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, ქართველმა კარატისტებმა საერთო ჯამში 7 მედალი მოიპოვეს: 4 ოქროს, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი.
უფროსებს შორის ორ დისციპლინაში, - ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში I ადგილი ოქროს მედლებით აიღო ჭაბუკა მახარაძემ, - მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა, შავი ქამრის V დანის მფლობელმა სპორტსმენმა.

წარმატებით იასპარეზა 13 წლის ანდრია საათაშვილმა, ევროპის ორგზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა, ამჯერად, მან იტალიაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე 13 წლის ბიჭებს შორის ინდივიდუალურ კატაში I ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამ შედეგის გარდა მანვე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო ინდივიდუალურ კუმიტეს +55 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
ამ საერთაშორისო ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა 11 წლის ბარბარე თავაძემ, რომელმაც I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა გოგონათა 11-12 წლებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მანვე II ადგილი ვერცხლის მედლით მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიაში.




