დღეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 24% პენსიონერია, ასაკოვანი ადამიანები,  რომელთაც აფთიაქში და მაღაზიაში შესვლის ფობია აქვთ. არ ვიცი კიდევ სხვაგან თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც ამდენ პენსიონერს ბანკში ვალი შეიძლება ჰქონდეს. უსასრულოდ შეიძლება საქართველოში მცხოვრებ პენსიონრების გამოწვევებზე საუბარი, მოხუც ადამიანებზე, რომლებსაც ღირსეული სიბერის მაგივრად სოციალური უსამართლობის და კორუფციული გარიგებების გამო, ამ ქვეყანაში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას  "გახარია - საქართველოს" წარმომადგენელმა პარლამენტში ქეთევან ბაკარაძემ.

იცით ამ თემაზე რატომ ვახდენ აქცენტებს?  აი სომხეთის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობდით, რომელმაც სომხეთის ეკონომიკური ზრდის რიცხვები დადო და შემდეგ რა ქნა იცით? პენსია გაზარდა ამ ეკონომიკური ზრდის შემდეგ.

თქვენ 6 თვეა ყოველდღე გამოდიხართ და ეკონომიკურ ზრდაზე გვესაუბრებით და პენსია კი არა, კვერცხის ფასი ვერ შეამცირეთ აგერ უკვე 3 თვეა.

ეგ თქვენი ეკონომიკური ზრდა კიდევ ხან თქვენი ერთი ჩინოვნიკის ჯიბეში აღმოჩნდება, ხან მეორესი.

ასევე ოფიციალური სტატისტიკით 700 000 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემის კრახის გამო ეს ციფრები ხელოვნურადაა გაბერილი და მასობრივ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. იმედია, ამ მიმართულებით დაიწყება გამოძიება და დაიდენტიფიცირდება საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები.

დავუბრუნდეთ მოწყვლად ჯგუფებს- ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 130 000 შშმ პირი.

აქედან რამდენს აქვს წვდომა  წამლებზე, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე, საბაზისო საჭიროებებზე?!

ჩვენი ქვეყნის მძიმე რეალობიდან გამომდინარე ადამიანები ყოველდღიურად პირდაპირი მნიშვნელობით იბძვიან გადარჩენისთვის, მშობლები შვილების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მედიკამენტებისთვის, რაც კანონით განსაზღვრული უფლებაა. ვინაიდან აღსრულების მექანიზმები არ არსებობს, უწევთ საპროტესტო აქციების გამართვა, ღამეების გათენება წვიმასა და თოვლში, რომ ისეთი ლეტალური გამოსავალი არ დადგეს, როგორც სამი დღის წინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე მოზარდის გარდაცვალებით მოხდა.

სამწუხაროდ, ბავშვების წამლის ფული არ მოიძებნა, ჩინოვნიკების მოსაპარი კი სულ არის!

 ასევე არ მოიძებნა პენსიების და სოციალური გასაცემლის გაზრდის ფინანსური რესურსი, უფრო სწორად, სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ თავადვე  მუდმივად საუბრობთ აყვავებულ ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე.

შეგახსენებთ, როცა ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა კანონპროექტი მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით, თქვენ განხილვაზეც კი უარი განაცხადეთ. არგუმენტად ბიზნესის ზარალი და უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა მოიყვანეთ. შეგახსენოთ, რამდენი პარლამენტარი თავად ფლობს ბიზნესს?

ხალხის მსყიდველუნარიანობის გაზრდა არ არის აქტუალური, სამაგიეროდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში შედის საინტერესო ცვლილებები, რომელიც 84 დეპუტატის მხარდაჭერით პირველი მოსმენით იქნა იქნა. კანონპროექტი, რომელსაც თქვენმა პრემიერმა კობახიძემ “უნაკლო” უწოდა და  რატომღაც საკომიტეტო განხილვიდან მოიხსნა, რეალურად არის დისკრიმინაციული.

ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 11-ე, 12-ე, 17-ე მუხლებთან ( ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას დასაბუთების გარეშე). ასევე ეწინააღმდეგება ამავე კანონპროექტსა და მის განმარტებით ბარათში ციტირებულ გაეროს შშმ პირთა კონვენციის რამდენიმე მუხლს (მაგ. 9-ე მუხლი და ამავე მუხლის კომენტარი, რომელიც ეხება მისაწვდომას). ასევე არათავსებადია ევროკავშირის 2016/ 2102 დირექტივასთან.

საზოგადოება ითხოვს განმარტებებს, რატომ უზღუდავთ კონსტიტუციით, კონვენციით მინიჭებულ საბაზისო უფლებებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებს?

რა არგუმენტები გაქვთ? აქაც სუვერენიტეტის, საზოგადოებრივი წესრიგის, უცხო ქვეყნის გავლენებისგან დაცვა? თუ  დიფსთეითის შეთქმულების თეორია? თუ ბოლო პერიოდში თქვენს მიერ დაჩქარებულ რეჟიმში მიკღებული შემზღუდველი კანონების სერიიდანაა ესეც? თემს აქვს განცდა, რომ აქაც თქვენი პერსონალური და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

სწორედ  შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების გასაძლიერებლად იყო ჩვენი გუნდის მიერ  შეთავაზებული ახალი საპარლამენტო პლატფორმა, რომელიც ზედმეტ ბიუროკრატიულ პროცესებად ჩაითვალა და დაიგნორდა.

იმედია, უხერხულობების პრევენციის მიზნით, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს მეტი გულისყურით მოეკიდებით." - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.