პატრიარქი ხომ მართლა ძალიან ზუსტი იყო თავის შეფასებებში და ერთ-ერთ ეპისტოლეში დატოვა ფორმულა, რომელიც არასოდეს მავიწყდება, თქვა, ტრადიციას მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ის ემსახურება სულიერი ღირებულებების გამტკიცებას, ეს ჩემთვის საზომია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ძალიან მძლავრი ფილტრია. მაშინ საუბარი იყო, ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ, თუ არ შევინარჩუნოთ და პატრიარქმა თქვა, თუ შენი ტრადიცია სულიერი ღირებულების განმტკიცებას ემსახურება, მაშინ მოკიდე ხელი და გადაეცი მომავალ თაობას, თუ არადა, ის რაღაც სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც შეიძლება, დროს მშვიდად გააყოლო. რატომ ვსაუბრობ ამაზე ახლა, თუ შენ საუბრობ, რომ ტრადიციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ე.ი. შენ საუბრობ იმაზე, რომ სულიერი ღირებულებები უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი. მოდით, ახლა ვთქვათ, რა ხდება გლობალურ მსოფლიოში ბოლო 100 და 50 წელია, რომლის წარმომადგენლებადაც მიიჩნევენ ეს ადამიანები თავს და ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ცივილიზაციაგამოცვლილი ხალხია. პრინციპში, უკვე დასმულია დიაგნოზი, რა ძირითადი ვირუსი შეეყარა დასავლურ ცივილიზაციას, რომელსაც, ან იმუნიტეტი გამოუმუშავდება და გადაიტანენ, ან შეიძლება, ძალიან ღრმა კრიზისში წავიდნენ. ბრიტანეთს ჰყავდა ძალიან საინტერესო ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, რომელიც გარდაიცვალა, მე რომ პარლამენტში ვიყავი მაშინ. ის ამას ეძახდა თვითლიკვიდაციის კულტურას. დასავლეთის მთავარი შეცდომა იყო სწორედ ის, რომ ამბობდნენ, მშვიდობა ეთნიკური კონსენსუსის გარეშეც არის შესაძლებელიო. დააკვირდით ამას, ანუ, სულიერ ღირებულებებთან თანხვედრის გარეშეც, ამ მსოფლიოს აშენებას ცდილობდნენ და ამას თავისი საფუძვლები ჰქონდა. ისინი ხელმძღვანელობდნენ მთელი რიგი ფილოსოფიური მოძღვრებებით, რომელიც მე-16, მე-17 საუკუნეში იღებდა სათავეს, რადგან რელიგიური დაპირისპირებების გამო ისინი პირიქით თვლიდნენ, რომ სწორედ სულიერი ღირებულებებია ის მთავარი ამძრავი, რომელსაც კონფლიქტებამდე მივყავართ, ამიტომ, ეს გადავიტანოთ უკანა მხარეს და მოვიტანოთ რაღაც უნივერსალური ღირებულებები, რომელიც ჩვენ დაგვაკავშირებსო“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთი ასევე ცნობილი მოაზროვნის ზუსტი ფრაზით იყო ნამართი.

„ის ამბობდა, ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, რისი სურვილიც აქვს, ოღონდ, მან ზიანი არ უნდა მოაყენოს სხვა ადამიანსო. სიტყვა ზიანმა და მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა განმარტებამ სხვადასხვა კულტურის მიერ, მოიტანა ზუსტად ის გაუგებრობა, რასაც ეწოდა ის ცივილიზაციური ვირუსი, რომელიც პრინციპში, მათ დაემართათ. ზუსტად იმიტომ, რომ ეთიკური ნორმები სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაა, ზიანს სხვადასხვანაირად განმარტავს. რა არის კარგი და რა არის ცუდი, ამაზე თუ ჩვენ სხვადასხვანაირი შეხედულება გვაქვს, მაშინ ჩვენი ერთობა არ გამოდის, ხომ? ეს შეიძლება, შესაძლებელი იყოს იმ შემთხვევაში, თუ რვა მილიარდი ადამიანი იცხოვრებდა თავისი შეხედულებით და კონკრეტული ეთიკური ნორმებით, რომ არ არსებობდეს დაპირისპირება ტერიტორიებზე და რესურსებზე, კი ბატონო, მაგრამ ასე არ არის სამყარო მოწყობილი. ეს არის ილუზია, რომელიც დასავლეთში ჩამოყალიბდა ძალიან გასაგები მიზეზების გამო, რადგან რელიგია თავის დროზე, მართლა იყო დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ კულტურული განსხვავებები ბუნებამ შექმნა, ადამიანს არ შეუქმნია, ამიტომ, ზიანის განსაზღვრებაც თვითონ კულტურამ და ბუნებამ მოიტანა. ეს ხალხი, ახლა იმ სამყაროს წარმომადგენლად მიიჩნევენ თავს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ არავითარი ეთიკური ნორმების ერთობლიობა საზოგადოების სიმყაროსთვის საერთო არ არის. წარმოიდგინეთ, ესენი როგორ დაუპირისპირდებიან ახლა იმას, რაც თქვა პატრიარქმა, თუ ჩვენ ტრადიციები მოგვწონს, ესე იგი, სულიერი ღირებულებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ თუ ვხვდებით, რომ ეთიკური ნორმების ერთობის გარეშე ღირებულებათა სისტემა არ არის ერთიანი, მაშინ ერთობა არ არის და იქითა მხარე პირიქით, საპირისპიროს ამტკიცებს. მეტიც, თუ ეს ეთიკური ნორმები ღვთაებრივი ძალის მიერ ნაკარნახებია, მაგან დაღუპა მსოფლიო და ომები მაგან გამოიწვიაო, ამ იდეოლოგიის მატარებელი ხალხი იყო ისინი, რომლებიც ახლა იღვიძებენ, დასავლეთში ძალიან ბევრია ისეთი მოაზროვნე, რომელიც ილაშქრებს ამის წინაშე“, – განაცხადა კაკულიამ.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, როცა რელიგიის მნიშვნელობაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია კითხვა, რატომ მიაკითხა ყველამ რელიგიას ახლა, ზოგმა უცვლელად და ზოგმა პრაგმატულად.

„ცივილიზაციური დაპირისპირებისკენ მიდის საქმე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ყველა ცივილიზაცია ერთმანეთს ბომბებს დაუშენს, მაგრამ ცივილიზაციური დაპირისპირება იკვეთება. ცივილიზაციური დაპირისპირება იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ცივილიზაციის და იმ ცივილიზაციის ღირებულებები რადგან ვერ მოერგო ერთმანეთს, ამიტომ შეეკირებიან ერთმანეთს? მოტივაციები იქ შეიძლება, სულ სხვა იყოს და როგორც ხედავთ, ახლა მოტივაციები ძირითადად, კორიდორებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შენ რომ შენი ხალხი აიყოლიო და წამოიყვანო, მათი გაერთიანება გჭირდება და გამაერთიანებელი იდეა რელიგიის გარდა სხვა არც ერთი რომ არ არის, ეგ ყველამ გაიგო. ამიტომ, ცივილიზაციური დაპირისპირების წინ ადამიანებმა მიაკითხეს რელიგიას, ზოგმა გულწრფელად და ზოგმა უბრალოდ, პრაგმატულად, რათა საზოგადოებათა მობილიზება მოხდეს სწორედ ამ ეთიკური ნორმების ერთიანობის შემთხვევაში. ამიტომ, ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას შიგნით, ჩვენი გახლეჩილობა, არის ძალიან სერიოზული და ტყუილად არ მიხსენებია ცივილიზაცია გამოცვლილი ხალხი.

იმ რეალობის აღქმასთან, რომელსაც ის ადამიანები წარმოადგენენ, მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო თანაცხოვრება, არადა, ჩვენი მოქალაქეები არიან ისინიც. მათ აქვთ რეალობის სხვა აღქმა და ამ რეალობის სხვა აღქმაში გადამწყვეტი არის ის, რომ ეთიკური ნორმების, ანუ, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ამასთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აუცილებელი არ არისო, ისინი ასე გაიზარდნენ, ასე მოამზადეს და ეს ფილოსოფია დგას მათ უკან, რომელსაც ახლა ცივილიზაციური დაპირისპირების დროს ადამიანთა გაერთიანების გარდაუვალი აუცილებლობა უარყოფს, მაგრამ იმდენად ძლიერია ეს ნარატივი და იმდენი ხანია, მოდის ისეთი ტალღებით, ასე უცებ ვერ წევენ ამა.

ყველა ანალიტიკოსმა იცის ცნობილი წიგნი „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმი“, სადაც ითვლება, რომ სწორედ პროტესტული ეთიკა არის ის ეთიკა, რომელიც განაპირობებს ბიზნესის პროგრესს დასავლური გაგებით, მეორე ადგილზეა კათოლიციზმი, ხოლო მართლმადიდებლობა ეს არის ყველაზე არახელშემწყობი რელიგია, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს ინდივიდუალიზმს მაშინ, როდესაც პროტესტანტიზმი მაქსიმალურად ახალისებს ამას. რაღაც გაგებით ეს ასეც არის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ საბოლოო მიზანი რა გაქვს. თუ ჩვენ მართლა ვუბრუნდებით ტრადიციებს და ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანი ხდება ღირებულებები, მაშინ ამ ეგოიზმზე დაფუძნებულ, აბსოლუტურად მხოლოდ მატერიალისტურ მოლოდინებს ჩვენი ცხოვრების, თუ ჩვენი საერთო თანაცხოვრების მიმართ, უნდა შეველიოთ. ეს ერთად არ გამოვა. ამიტომ, ეს არის ის დიდი გამოწვევები, რომლებიც ახლა ახალი წინაშე დგას“, – განაცხადა კაკულიამ.