სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშით აფასებს საქართველოში ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების არსებულ სისტემას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
ანგარიშში გაანალიზებულია მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო, სახელმწიფო პოლიტიკა და არსებული სერვისები. ასევე იდენტიფიცირებულია ძირითადი გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ეფექტიან პრევენციასა და მათ დაცვას. ანგარიში ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, ეროვნული კანონმდებლობის ანალიზსა და შესაბამისი ინსტიტუციების საქმიანობის შეფასებას.
ანგარიშის მიხედვით:
ძალადობის შემთხვევების გამოვლენა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით ოჯახურ გარემოში;
არსებული სტატისტიკური მონაცემები არ იძლევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სრულფასოვანი ანალიზის შესაძლებლობას;
სახელმწიფო სერვისები უმეტესად ინსტიტუციურ ზრუნვაზეა ორიენტირებული და შეზღუდულად ითვალისწინებს ხანდაზმულთა სპეციფიკურ საჭიროებებს;
პრობლემას წარმოადგენს თავშესაფრებში ისეთი ხანდაზმულების განთავსების საკითხი, რომლებსაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები. მნიშვნელოვნად იზრდება მედდის სამუშაო დატვირთვა, რაც უარყოფითად აისახება როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე პერსონალის პროფესიულ რესურსებზე;
თავშესაფრების ნაწილი უარს აცხადებს იმ ბენეფიციართა მიღებაზე, რომელთაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები, რაც პრაქტიკაში ზღუდავს ამ ჯგუფის ხელმისაწვდომობას შესაბამის სერვისებზე;
სირთულეები იკვეთება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმული პირების დაცვისა და მომსახურების კუთხით.
ანგარიში მოიცავს სახელმწიფო უწყებებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს რაც მიემართება ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უფლებების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან და პასუხობდეს ამ ჯგუფის სპეციფიკურ საჭიროებებს. - ნათქვამია ანგარიშში.
იხილეთ სპეციალური ანგარიში: https://tinyurl.com/yzxyvruz




