„პირველ რიგში, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ბევრი ადამიანი მიკავშირდება, შეწუხებული არიან და ბუნებრივია, ყველას გვადარდებს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებული სიახლის თქმა არ შემიძლია. თქვენთვის ცნობილია ძირითადად რაც უკეთდება. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, საბოლოოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს პრობლემა. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მედიასთან განაცხადა.
" სამედიცინო კუთხით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კეთდება, რათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს და პრობლემა დაიძლიოს, რაც მას ამ წუთს აწუხებს. უშუალოდ ექიმებთან არ მქონია საუბარი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იქ იმყოფებიან, ყველას ნამდვილად დამაიმედებელი განწყობა აქვს და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ძირითადად კომუნიკაცია მქონდა სასულიერო პირებთან. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დავინახე, მასთან გასაუბრების საშუალება არ მქონდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ასევე ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება“.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, პატრიარქი ამ დროისთვის , მართვით სუნთქვაზე იმყოფება.




