19-22 მარტს საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა.
მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლებთან და მწერალთა სახლის საგრანტო და სარეზიდენციო პროგრამების წარდგენას.
ლაიფციგში საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია პოეტების, პროზაიკოსების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
🔸ბაზრობის ფარგლებში გაიმართა მზია ჭიჭიაშვილის წიგნის „მე ეს უნდა მეთქვა“ წარდგენა, რომელიც მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა.
🔸გაიმართა ნოდარ მაჭარაშვილის რომანის „კვაზიმოდოს ქალაქი“ პრეზენტაცია. წიგნი საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინეს გამომცემელმა ჰელმუტ კუნკელმა და მთარგმნელმა და პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ.
🔸მწერალთა სახლმა გამართა ლევან ბერიძის რომანის „როგორც შენ იტყვი“ პრეზენტაცია. დისკუსიას უძღვებოდნენ გამომცემელი ტრაიან პოპი, მთარგმნელი და პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მთარგმნელი მზექალა აჭაიძე.
🔸გაიმართა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართული კლასიკური მოთხრობების ანთოლოგიის „ზარი ქარიშხალში“ წარდგენა.
🔸ფორუმზე მწერალთა სახლმა ღონისძიებები დაასრულა ორი შეხვედრით − თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის შესახებ.
🔸ქართული პროზის ღონისძიებაზე აუდიტორიას წარუდგინეს ლევან ბერიძის რომანი „როგორც შენ იტყვი“ და ნოდარ მაჭარაშვილის წიგნი „კვაზიმოდოს ქალაქი“.
🔸პოეზიის საღამოზე წარდგნენ პოეტები: ნინია სადღობელაშვილი, ირმა ბერიძე, გიორგი ლობჟანიძე, ია სულაბერიძე და გიო ზედვაკელი.
🔸მწერალთა სახლის სარეზიდენციო და საგრანტო პროგრამები წარადგინეს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ და საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა მაკო ქიბროწაშვილმა.
ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დღეებში ქართული სტენდი გამოირჩეოდა ხალხმრავლობითა და ქართული ლიტერატურისადმი გამორჩეული ინტერესით.
💬მწერალთა სახლის დირექტორის ქეთევან დუმბაძის განცხადებით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართული ლიტერატურის წარსადგენად: „ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროგრამითა და გამოცემებით წარდგა. საოცარი ინტერესი იყო ქართული სტენდის მიმართ − ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ქართველი მწერლებით. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა დავამყაროთ კონტაქტები საერთაშორისო აუდიტორიასთან. ბაზრობის შედეგად დაიგეგმა ახალი თანამშრომლობები და გაიზარდა ინტერესი ჩვენი ავტორების თარგმნის მიმართ“.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ის წარმოადგენს წიგნისა და მედიის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ საგაზაფხულო შეკრებას, რომელიც მთელი მსოფლიოდან აერთიანებს ავტორებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და მკითხველებს.




