„მგონი, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდა გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას. გვარამია ისევ იმეორებს, რაც მანამდე თქვა. ეს არის კამპანიის ნაწილი. გვარამიამ აღწერა კიდეც, რა არის ამ კამპანიის მიზანი. სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
"თქვა, რომ სომხეთმა როგორც მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა, ჩამოიცილა, ამით კი ბრიუსელთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა მიეცა, მიანიშნა, რომ ჩვენც ტრავმები ასე უნდა დავივიწყოთ და ჩამოვიცილოთ, რათა ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო. ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის კამპანია, რომელიც ჩანს, რომ უცხოეთიდან არის პირდაპირ ორკესტრირებული. ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა, რათა მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური, ის, რაზეც მიანიშნებდა გვარამია ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ სომხეთის სწრაფ სვლას ხელი შეუწყო ყარაბაღის ტრავმის დავიწყებამ, ის, რაზეც მიანიშნებენ მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე.
გავიმეორებ კიდევ ერთხელ ყველა პროპაგანდისტის გასაგონად ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ – არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას. ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველ ხალხში ფეხი მოიჭიროს. ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: მათ არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები, მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით