შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებდა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მისაკუთრების მიზნით, სხვადასხვა დროს, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მისაღები ანაზღაურება - 120 000 ლარი, მომხმარებლებს მის მიერ მიწოდებულ სხვა საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




