ბრიტანეთის მხრიდან „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესებას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ბრიტანეთმა იუკადრისა ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები.
ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრიტანეთსა და ევროპაში პოლიტიკური კრიზისია და ეს პროცესი მხოლოდ დემოკრატიის განადგურებით არ დასრულდება.
„ევროპა-ბრიტანეთი დღითიდღე ჭაობში იძირება. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და გამოუვალ ჩიხში შედიან. ამ პოლიტიკური ლიდერშიფის ფონზე ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ უკვე ისეთი სისწრაფით მიექანებიან თავდაღმა, რომ ცალკეულ ფაქტზე ანალიზის გაკეთებასაც ვეღარ ვასწრებთ.
დასავლეთში რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ამას მაღალრეიტინგულ ტელევიზიებზე ბრიტანეთის სანქციებიც მოწმობს. „თავისუფალი სიტყვა” და „დემოკრატიული პრინციპები” დიდი ხანია სანაგვეზე მოისროლეს, თუმცა, პოლიტიკას „როლური თამაშებით” აგრძელებენ. ტელეკომპანია „იმედზე” და „პოსტივიზე” სანქციების დაწესება, ბუნებრივია, პოლიტიკური ვენდეტაა ბრიტანეთისგან - იუკადრისეს ტელეკომპანია BBC-ის წინააღმდეგ საქართველოდან ნათქვამი სიმართლე და მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, სანქციები დაუწესეს ტელევიზიებს.
უკრაინის საერთაშორისო იმიჯს ომში გამარჯვებისთვის თუ „იმედი” და „პოსტივი” წყვეტენ, მაშინ ყოჩაღ ამ ტელევიზიებს, ახლა საერთაშორისო რეიტინგებშიც დაწინაურებულან. სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე დავიდა დიდი ბრიტანეთის ერთ დროს მართლაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკა.
კირ სტარმერი, ასეთი უსიტყვო მორჩილების შემთხვევაში, ევროპაში მოკალათებული ჩრდილოვანი მმართველებისგან კი შეინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ საკუთარი ხალხისგან რამდენ ხანს ექნება ნდობის მანდატი, ეს არის საკითხავი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ მოვლენებს და ვუცქიროთ ევროპა-ბრიტანეთის დემოკრატიის ცოდვის ტირილს, რომელიც მხოლოდ დემოკრატიის განადგურებით არ დასრულდება, ეს პროცესი მათ სახელმწიფოებს სხვაგვარადაც ჩაითრევს. მხსნელი კი, მათსავე რიგებში ჯერ არავინ ჩანს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.




