საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკოსები და ცნობილი პიანისტი ედიშერ სავიცკი. კონცერტს მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. შესრულდა დავით თორაძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ასევე პიოტრ ჩაიკოვსკის სიმფონია №5, თხზ. 64, მი მინორი. ფესტივალის ფარგლებში გამართული დასკვნითი საღამო ნანი ბრეგვაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
„მიხარია, რომ თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უკვე მეოთხე წელია საქართველოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მოხარული ვარ, რომ მისი დაფუძნებისა და განვითარების პროცესში პირადად ვიყავი ჩართული.
მადლობას ვუხდი ფესტივალის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, რომლებმაც საოცარი
პროგრამითა და კონცერტებით სიხარული მიანიჭეს როგორც თბილისს, ისე საქართველოს რეგიონებს. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას ემსახურება. იმედი მაქვს, მომავალ წელს ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და „თორაძის ფონდის“ ორგანიზებით გამართული ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს, მასტერკლასებს, წიგნისა და აუდიოჩანაწერის წარდგენებს აერთიანებდა. კომპოზიტორ დავით თორაძისა და პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა.




