ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში,  გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქის საკრებულოს  წევრები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო პლატფორმაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ UCLG-ის დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი გიორგი ხუროძე.

ფორუმი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს და მიზნად  გლობალურ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბებასა და პარტნიორული ქსელების გაფართოებას ისახავს.

ღონისძიების ფარგლებში არაერთი პლენარული სხდომა და თემატური დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება  ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებსა და თანამედროვე ურბანული პოლიტიკის პრიორიტეტებს დაეთმო.

მონაწილეებმა ის სისტემური გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წინაშე დგას.

საკრებულოს წევრები სამუშაო სესიებსა და დისკუსიებში აქტიურად ჩაერთნენ და  ეფექტიანი მუნიციპალური მართვის ინსტრუმენტები, მდგრადი ურბანული განვითარების პრაქტიკული მიდგომები და ევროპულ ინსტიტუციურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები კოლეგებთან ერთად განიხილეს.

ფორუმის დროს განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობის გაზრდას, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციასა და ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმო.

გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) ყოველწლიური ფორუმი დღეს დასრულდა.