გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა და სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

„საქართველოში სურსათის უვნებლობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. სახელმწიფო თანმიმდევრულად აძლიერებს კონტროლის მექანიზმებს, ავითარებს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქცია ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან, სანდოობასთან და კონკურენტუნარიანობასთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, რაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ქართული წარმოებისადმი ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვანი საფუძველია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების მიმართულებით FAO-სა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„გასული ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. FAO ამაყობს, რომ ამ პროცესში ქვეყნის პარტნიორია და წლების განმავლობაში მხარს უჭერს განხორციელებულ რეფორმებს. საქართველომ უკვე შექმნა მყარი საფუძველი სურსათის უვნებლობის სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის „კოდექს ალიმენტარიუსთან“ დაახლოებისთვის. ზედამხედველობის, რისკების ანალიზისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების მიმართულებით განხორციელებული უწყვეტი ინვესტიციები კიდევ უფრო გააძლიერებს მომხმარებელთა დაცვას და გაზრდის ქართული აგროსასურსათო პროდუქციისა და მთლიანად აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა რაიმუნდ იელემ.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა დარგის წარმომადგენლები „განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ და „მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის“ დააჯილდოვეს.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას ბაღში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აგრო და სამეწარმეო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით ღონისძიებებსა და მასტერკლასებში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ საავტორო კერძების მომზადებამ და დეგუსტაციამ.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 7 ივნისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება უვნებელი სურსათის მნიშვნელობასა და მის როლზე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში. წლევანდელი გზავნილია - „გამოწვევებიდან გადაწყვეტილებებამდე - უვნებელი სურსათი ყველასთვის“.