პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




