დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“’ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა მოქალაქეთა ეკონომიკური გაძლიერების ეფექტიანი მოდელია.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროგრამა 2018 წელს თბილისის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით ამოქმედდა, სამ კოლეჯთან ერთად თანამშრომლობით დაინერგა და დღემდე ფუნქციონირებს. რაც შეეხება მის ბიუჯეტს, ის დღემდე მზარდია.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას და მათ დასაქმებას შრომით ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში.
თინათინ ნიბლოშვილის ინფორმაციით, 2018 წელს თავდაპირველად პროგრამაზე 1.500 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 700-მდე ადამიანი შეირჩა და გადამზადდა, ხოლო 2025 წელს კი პროგრამაზე მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა, 10.000 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 2500-მდე მოქალაქე შეირჩა და გადამზადდა.
„ამ დროისათვის 80-მდე პროფესიულ სპეციალობაში მოხდა ადამიანების გადამზადება, რომელთაგანაც დაახლოებით 75% დასაქმდა.
ეს პროგრამა არის მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და ბიზნესის თანამშრომლობის რეალური მაგალითი. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბიზნესი კოლეჯს აწვდის იმ დეფიციტური პროფესიების ჩამონათვალს, რომლებშიც გადამზადებული კადრების დასაქმების შესაძლებლობა და სურვილიც აქვს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი გადაამზადებს სასურველ კადრებს, რის შემდეგაც მოხდება მათი დასაქმება ბიზნესის მიერ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თინათინ ნიბლოშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, თუ როგორი დეფიციტური პროფესიები არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მიმართულებით კიდევ მეტი უნდა იმუშაოს, რადგან სწორედ პროფესიული განათლება არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების რეალური და ღირსეული გზა.




