საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით
"გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ არაერთხელ გაკეთდა ამომწურავი განმარტება, მისი მხრიდან ამ თემაზე კვლავ აპელირება, სავარაუდოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა და ექსპერტული წრისთვის შეუფერებელი არაკომპეტენტურობაა. სამწუხაროდ, მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და წარმოადგენს იმ ტენდენციის გაგრძელებას, როცა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის კონკრეტული ექსპერტები/დამკვირვებლები, სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე არგუმენტების გარეშე აკეთებენ მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ განცხადებებს.
როგორც ჩანს, ვანო მაჭავარიანი არ იცნობს და არც დაინტერესებულა საარჩევნო აპარატებისა და პროცედურების ტექნიკური შესაძლებლობებით. ასევე არ იცის, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგი ეყრდნობა კომისიის მიერ ბიულეტენების ხელით გადათვლას. ეს პროცესი კი ხორციელდება საჯაროდ, ჩართული მხარეების თანდასწრებით.
ამასთან ის საუბრობს საარჩევნო აპარატებში მონაცემების ჩატვირთვაზე, რის ტექნიკური შესაძლებლობაც საქართველოში გამოყენებულ აპარატებს არ აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის კი რუსული საარჩევნო ტექნოლოგიების მაგალითს იშველიებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების არქიტექტურა და პროცედურები განსხვავდება იმ მოდელებისგან, რომლებზეც აღნიშნული მაგალითი არის დაფუძნებული.
საზოგადოებას შევახსენებთ რომ ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მოისმინოს და გაიზიაროს არგუმენტირებული მოსაზრებები/რეკომენდაციები, თუმცა ვერ გაიზიარებს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ფაქტებს, ტექნიკურ დოკუმენტაციასა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს." - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.