საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო  შემდეგი შემადგენლობით: ლევან თევზაძე; მერაბ გაბინაშვილი; მამუკა ვასაძე.

მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა. - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს

მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.  

2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე  ბრალდება გადაკვალიფირდა 351-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

შეგახსენებთ, 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე    სახელმწიფო ბრალმდებელმა თორნიკე გოგეშვილმა მხარეს საპროცესო გარიგება შესთავაზა.  როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატი აცხადებს, საპროცესო გარიგებაზე შეთავაზება არის ფაქტობრივად ზეწოლის ტოლფასი.

„მზია ამაღლობელის პოზიცია ყველასათვის ცნობილია. ის არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება“, – განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

2025 წლის 18 ივნისს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ფომაევამ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მეორედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და პლაკატის გაკვრისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.

2025 წლის 7 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს- ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს

ცნობისთვის,  2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  2025 წლის 28 აპრილს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და ისევ პატიმრობაში დატოვა.  

 მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.