საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადება სამეურვეო საბჭოს სხდომაზე:

"დღეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომ მოხდეს ტერორი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს კამპანია, დიდი ხანია, დაწყებულია და მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფებით, ტროლ-ბოტებით, დაქირავებული ადამიანებით, მიმდინარეობს წერტილოვანი მუქარა, მათ შორის, ოჯახების განადგურებით. განუწყვეტლივ არის მცდელობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაითრიონ პოლიტიკაში სიტყვის თავისუფლების ეგიდით.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ „პოსტივიზე“ და „იმედზე“ შეტევა არის მხოლოდ ამ ორ ტელევიზიაზე შეტევა, მაშინ მას არაფერი სცოდნია. როდის იყო სანქციებზე მუქარები? ვინ იყო პირველი, სანქციებზე რომ დაიწყო საუბარი? სხვათა შორის, სამეურვეო საბჭოს ზოგიერთმა წევრმა და სხვებმა წინასწარ იცოდნენ, თინათინ ბერძენიშვილს და მე რომ შეგვიტანდნენ სანქციების სიაში. დაიწებონ თავიანთი სანქციები. ეს არის იმისთვის, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის, თითოეული ჟურნალისტის დაშინება – საზღვარგარეთ აღარ გაგიშვებენ, ამას გიზამენ, იმას გიზამენ. სხვათა შორის, თავისუფლებათა დიდი ქარტია, რომელიც ბრიტანეთმა მე-13 საუკუნეში მიიღო, ამბობს, რომ არცერთი ადამიანის გაუსამართლებლად დასჯა არ შეიძლება და ამაზე დაშენდა ყველაფერი. ეს ტელევიზიები არიან ჩვენი კონკურენტები, მაგრამ კონკურენცია კოლეგიალობას და სოლიდარობას არ გამორიცხავს. ეს არ არის ჟურნალისტური სოლიდარობა, ეს არის მოქალაქეობრივი სოლიდარობა, როცა შენს ქვეყანას ემუქრებიან ძახილით – შე რუსო, ქვეყნის არდამცველო – ის ადამიანები, რომლებიც სრულიადაც არ არიან შემჩნეული თავიანთი სამშობლოს დაცვაში, და, რომლებიც შემჩნეული არიან ყველა ღირებულების შეურაცხყოფაში. ადამიანებს შეუძლიათ, პირდაპირი მნიშვნელობით წერონ კომენტარები, მათ შორის ჟურნალისტებმა, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ამოწყვეტაზე, ფიზიკურ განადგურებაზე. დაგვიპრდნენ, რომ როდესაც გაიმარჯვებენ და ნათელ მომავალს დაამყარებენ, აი, მერე მთლიანად ამოგვბუგავენ. ესენი არიან წინა პლანზე, როგორც იყვნენ მაუზერიანი ბოლშევიკები და უკან იდგნენ თეთრსაყელოიანები…

მინდა, ელჩებსაც ვკითხო – პირდაპირ ემუქრებიან განადგურებით, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტებს, ემუქრებიან მათგან ფინანსურად წახალისებულები, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე ევროკავშირისგან დაფინანსებულ ვებგვერდზე, მონა.ჯი-ზე წერენ… ჩვენ რამდენი წერილით მივმართეთ ოფიციალურად ჟურნალისტების დევნაზე ელჩებს, ევროკავშირის ელჩს. ნული ყურადღება. რატომ? მეტი რა არის მედიაზე ზეწოლა? ქუჩა რომ გადამიკეტეს, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მორალური ტრავმა მიიღეს. მე გეუბნებით, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას. იცით, რას იძახდნენ? ამას თავი დაანებეთ, რკინის ნერვები აქვს, გარემოცვას მიაწექითო. ეს არის ამათი ფუნქცია. ნახეთ, რა კლასტერთან გვაქვს საქმე – საფლავზე უნდა მოისაქმონ, დედა არ უნდა იყოს, მამა არ უნდა იყოს, შვილებს უნდა უთხრან, რომ მშობლები დახოცეთ, ეს არის მორალური კანიბალიზმი, უკან არაფერზე დაიხევდნენ. ადამიანს, რომელმაც ქართული წერა-კითხვა არ იცის, განათლება არ აქვს, შეუძლია, მოგადგეს და შეურაცხყოფა მოგაყენოს.

მინდა, ვუთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, ყველა მოქალაქეს – ეს ის აქლემია, რომელიც ყველასთან დაიჩოქებს. ეს არ არის კონკურენციის ადგილი, რომ ახლა ის ჩემი კონკურენტია, მე იმან მაწყენინა და ა.შ. ეს არ არის „პოსტივისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველო ჰყავდათ ცალ ფეხზე დაყენებული და ახლა საერთოდ დაჩოქებაზეა ლაპარაკი.

სამეურვეო საბჭო ტელევიზიას უძღვება ღირსეულად და ურთულეს სიტუაციაში. როცა შეშინებაზეა ლაპარაკი, ვინც შეუშინებიათ, ის შეაშინონ.

როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პირადად მივმართავ ელჩებსაც – მე მეჩვენება, რომ მათი ხელშეწყობით, წაქეზებით მიმდინარეობს დევნა და მუქარა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე. ასეთი განწყობა რჩება და ეს ძალიან მძიმე განწყობას ქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაიცავს თავს, დაიცავს კანონის ფარგლებში, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე. ამავე დროს ხდება იმ ღირებულელებისგან გადახვევა, რასაც ჰქვია ქრისტიანული ცივილიზაცია და რომლის ნაწილიც არის ევროპა და საქართველო. ძალიან მწყინს, რომ ამ ღირებულებებიდან ხდება გადახვევა.

სამეურვეო საბჭოს სამ წევრთან მე ლაპარაკს არ ვაპირებ, ჩემი უფლებაა. არც მისალმებას ვაპირებ, რადგან ეს უკვე გადასულია ყველანაირ ზღვარს. ჩემგან მიიღონ ეს პატივისცემად, რომ მე ამას ღიად ვეუბნები და მათსავით არ ვწერ „დანოსებს“. ჩემს ოჯახს ბევრი „დანოსი“ აქვს გადატანილი. ეს კომკავშირლები, ეს მაუზერიანები, რომლებიც ოცნებობენ, ავტომატი ჰქონდეთ. ამათ რომ ავტომატები მისცე, რაზეც ოცნებობენ, სისხლით მორწყავენ ქვეყანას. ამაზეა ლაპარაკი, მორწყეს კიდეც ერთხელ ამათმა წინაპრებმა ასე ძახილით. „ხალხის მტერი“ იყო ამათი ტერმინი.

დედაჩემი ობლად იზრდებოდა, შვიდი წლის რომ იყო, გამოიყვანეს კლასში, ფეხზე დააყენეს და „ხალხის მტერი“ ეძახეს. დღეს „რუსო“ დაიწყეს, გუშინწინ „ებრაელო“ დაიწყეს ამათმა მოძმეებმა, იმავე ევროპაში, ეს ერთი კლასტერია. ასე იყო ამერიკაში, აფრიკაში – შავკანიანი რატომ ხარ, ის რატომ ხარ. რობოტებივით ერთსა და იმავე სიტყვას ამბობენ. ორი წიგნი არ აქვთ წაკითხული. დიკენსი, ჰიუგო არ აქვთ წაკითხული, ელემენტარული ჰუმანიზმი არ არის მათში, ღირსება არ არის. რა ვუყოთ, სამეურვეო საბჭოს ასეთი წევრები არიან და ამ მდგომარეობაში ვართ. იდეალებზე ყველას ვერ დაელაპარაკები. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ ყველაფერი. ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე დაიცვას ის განაწესი, რაც კანონშია და რაზეც ხელი აქვს მოწერილი. ეს უნდა დაიცვას სოციალურ ქსელშიც, კანონშიც, ქუჩაშიც, ურთიერთობაშიც. ინსინუაციებით ვერც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეაშინებენ და ვერც ქვეყანას დააჩოქებენ."  - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.