საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ დაასრულა შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში.  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე.

"დავასრულეთ დღეს შეხვედრები კონგრესში, საშუალება გვქონდა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს. ძირითადად საჰაერო საქმეთა კომიტეტის წევრებს, თუმცა სხვა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შევხვდით.ბოლო შეხვედრა გვქონდა კიცელთან. რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, რაიან ზინკესთან და ანა პავლინა ლუნასთან. ჩვენი საუბრების ძირითადი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა. თუმცა, ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი ასევე, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, მიმდინარე მოვლენებს, ასევე ოკუპაციის საკითხს. კონგრესმენებიდან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში.ჩვენ ასევე ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისთვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიაყენონ" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ.