კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მედიას განუცხადა.

„იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწის უწმინდესის შესახებ. შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი. მე ზუსტად ვერ ჩამოვთვლი. მოქალაქეების რიგები მეტროდან იწყება, უწყვეტად, მრავალი საათის განმავლობაში და, მით უმეტეს, დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, შეძლებენ შესვლას. გაირკვევა, ჯერ დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლით ყველაფერი. მედიას შიგნით არ ექნება დაშვება.

ილია მეორის გადასვენებას რაც შეეხება, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ საათზე იქნება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება. დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.