სიონის საპატრიარქო ტაძარში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა.

კათოლიკოს-პატრიარქი, 17 მარტის გამთენიისას, გვიან ღამით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს. ილია მეორეს მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა.

თითქმის ნახევარი საუკუნე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში - ილია მეორე ქვეყნის პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს, ილია შიოლაშვილი პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ავიდა.

ილია მეორე, (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია.

1957 წელს კი ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად გამწესდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1961 წელის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1963-1972წწ. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

ილია მეორე საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას სათავეში 49 ედგა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი პატრიარქი იყო.  

ილია მეორე ცდილობდა აღედგინა საუკუნოვანი ეკლესია მონასტრები. მრევლის დახმარებით, შენდებოდა ახალი ტაძრები. მძიმე 90-იან წლებში ეკლესია ბევრი ადამიანისთვის იმედის მომცემი იყო. ჯერ კიდევ 1989 წელს, პატრიარქს გაუჩნდა იდეა, საქართველოს დედაქალაქში აშენებულიყო ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც იქნებოდა თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია იქნებოდა დაცული.

შეირჩა ელიას გორა, 1995 წელს ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. 9 წლიანი მშენებლობის შემდეგ კი საქართველოს კიდევ ერთი ტაძარი შეემატა. სამების საპატრიარქო ტაძარში გამართულ პირველ წირვაზე ათასობით ადამიანი მივიდა.

აჟღერდა გალობა. ტაძარში შეკრებილი მრევლი ერთხმად გალობდა. ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში დააბრუნა ქართული საგალობლები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახებოდა.

პატრიარქის საგალობლებს შორის არის "დავიღალე უფალო", საგალობელი, რომელიც ილია მეორემ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დაწერა. ზუსტად მაშინ, როდესაც ეკლესია განსაცდელში იყო.

ილია მეორე 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის სოფლებში ჩავიდა. სწორედ სასულიერო პირების მეშვეობით მოხერხდა დაღუპული სამხედროების გადმოსვენება.

როდესაც ილია მეორე პატრიარქი გახდა, საქართველოში 50 ეკლესია ფუნქციონირებდა, წირვა ლოცვას რამდენიმე ათეული სასულიერო პირი აღავლენდა. დღეს ღვთისმსახურება 2 000-ზე მეტ ეკლესიაში სრულდება, მოქმედებს 46 ეპარქია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პატრიარქი სისტემატურად ვეღარ ახერხებდა წირვის ჩატარებას. მის ქადაგებებს მრევლი, ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდა.

პ.ს. ფოტოები nakrebi.ge