აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე. ზურაბ პატარაძის თქმით აჭარის მთავრობის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო ძალისხმევას. მან პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მმართველ გუნდს და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და რეგიონის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

,,გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ექვსივე მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნობით არსებულ მდგომარეობას და ვიზრუნებთ დასახული მიზნების შესრულებაზე. დღევანდელი ანგარიში მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის საქმეზე დაფუძნებული ანგარიში. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიზრუნოთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ღირსეულ ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის და ჩვენი რეგიონის, აჭარის კეთილდღეობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარა ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. არსებული პროგნოზით, 2026-2029 წლებში რეგიონის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა შენარჩუნდება და მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად საშუალოდ 12%-მდე გაიზრდება. 

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში 1.3 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, დაიწყო ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება, სადაც მოსალოდნელია 75 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა და დაახლოებით 1 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. დასრულების ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთი. 2026 წელს 46 მიმართულებით გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ასევე, მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის შედეგად ბუნებრივი აირით სარგებლობა უკვე 27 100 აბონენტს შეუძლია. 

მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის სექტორშიც დადებით დინამიკაზე ისაუბრა. 2025 წელს რეგიონს 4.8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 1.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გაიზარდა როგორც საერთაშორისო ავიარეისების, ისე მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა.

ჯანდაცვის მიმართულებით აღინიშნა, რომ 2026 წლის მხოლოდ ხუთ თვეში სამინისტროს პროგრამებით უკვე 30 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოება, N1 პოლიკლინიკისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ოცნების ქალაქის“ პროექტს, ასევე პროგრამას „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის განხორციელების შედეგად საცხოვრებელი პირობები ასობით ოჯახს გაუუმჯობესდება.

განათლების სფეროში 2026-2028 წლებში დაგეგმილია 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაცია. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026-2029 წლებში 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 

კულტურის მიმართულებით გაგრძელდება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამები. 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.