ბათუმში მიმტანებისთვის სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 20-მდე მიმტანს ჩაუტარა.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს გადამზადება, როგორიცაა მაგიდის სერვირება, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი, კერძების აღწერის წესები და კონფლიქტური სიტუაციების მართვა. პრაქტიკული სწავლებისას მიმტანებმა ასევე დახვეწეს სასმელების დასხმის ტექნიკა, თეფშებისა და ლანგრის ხელით ტარების ტექნიკა, მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით, სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა. ტრენინგების მიზანი რეგიონში დასაქმებული მიმტანების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული დონის ამაღლებაა.
ამ ეტაპზე, ინტერნსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს დამწყები გიდებისთვის. გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გამოკითხვებს. გიდების გადამზადების პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გასაუმჯობესებელ ტრენინგებს ასევე გეგმავს ბარმენებისთვის, მზარეულებისთვის, გიდებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის.




