ირანთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო სტრატეგიას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი შეფასებით, მიმდინარე ვითარებაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომა ეფუძნება არა სრულ გამარჯვებას, არამედ დანაკარგების დროულად შეზღუდვას.

“ის კი არ იმარჯვებს, ვინც ყველაფერს იგებს — არამედ ის, ვინც დროულად აჩერებს საკუთარი დანაკარგების ზრდას“—  აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ტრამპი შესაძლოა მზად იყოს, ირანთან კონფლიქტი შედარებით მოკლე ვადაში დაასრულოს.

„სანამ ადგილობრივი “რაგვეშველება”-ს კლასტერში მსჯელობენ, თუ რა დაუთმო კობახიძემ რუბიოს: ხმელეთი — სამხედრო ბაზისთვის, ჰაერი — სამხედრო ავიაციისთვის თუ ნავსადგურები — საზღვაო ქვეითების მისაღებად, ტრამპმა დააანონსა ირანის კამპანიის უმოკლეს ვადაში დასრულება. მის ლოგიკაში ყველაფერი სწორედ ასე გამოიყურება: “ის კი არ იმარჯვებს, ვინც ყველაფერს იგებს — არამედ ის, ვინც დროულად აჩერებს საკუთარი დანაკარგების ზრდას”. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, Reuters-ი WSJ-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა უკვე მიანიშნა თავის გარემოცვას: ის მზადაა დაასრულოს ირანთან ომი მაშინაც კი, თუ ორმუზის სრუტეში სრული კონტროლი დაუყოვნებლივ არ აღდგება.

ეს არ არის არც კეთილი ნების ჟესტი და არც ჰუმანიზმის გამოხატულება — ეს არის ცივი ანგარიში: კონფლიქტის გაჭიანურება აშშ-სთვის უკვე არა მხოლოდ სამხედრო ხარჯებს შეეხება, არამედ პირდაპირ პოლიტიკურ ზიანსაც მიაყენებს ქვეყნის შიგნით. რატომ არის მისთვის მომგებიანი კამპანიის სწრაფად დასრულება? იმიტომ, რომ ხანგრძლივი ომი ურტყამს ამერიკული პოლიტიკის მთავარ ნერვს — ამომრჩევლის ჯიბეს. 31 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის ფასი უკვე 4 დოლარს გადააჭარბა ერთ გალონზე, ხოლო ნავთობის ფასი 100 დოლარზე მაღლა ავიდა. ეს კი ნიშნავს ინფლაციას, მომხმარებლის გაღიზიანებას და პოლიტიკური წნეხის ზრდას. თუ ომი გაგრძელდება, თეთრი სახლი მიიღებს არა „ძლიერი ლიდერის“ იმიჯს, არამედ პრეზიდენტის, რომლის დროსაც ამერიკელი ისევ იხდის გეოპოლიტიკის ფასს ბენზინგასამართ სადგურზე და მაღაზიაში.

მეორე, კიდევ უფრო მკაცრი ფაქტორი: გრძელვადიანი ირანული კამპანია თითქმის გარდაუვლად მიიყვანს ვაშინგტონს უფრო სახიფათო სცენარის განვითარებამდე. უკვე განიხილებოდა ხარკის კუნძულის დაკავება და სხვა მაღალი რისკის სახმელეთო ოპერაციები, რაც ზრდის როგორც სამხედროების დანაკარგის, ისე ხანგრძლივი ომის გაფართოების საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო გაიზრდება რისკი, რომ ტრამპი გადაიქცევა არა ლიდერად, რომელმაც სწრაფად „დასაჯა და აიძულა შეთანხმებაზე ირანი“, არამედ პრეზიდენტად, რომელიც კიდევ ერთ ახლოაღმოსავლურ ომში გაიჭედა გაურკვეველი შედეგით. მისი ტიპის პოლიტიკოსისთვის — ეს თითქმის ყველაზე უარესი და სუიციდური სცენარია.

სწორედ ამიტომ ორმუზის სრუტეზე კონტროლის ნაწილობრივი დაკარგვაც კი შეიძლება იყოს მისთვის მისაღები, მაგრამ იძულებული და შეზღუდული დანაკარგი — ვინაიდან ამის ალტერნატივა ტრამპისთვის უფრო მძიმე სტრატეგიული ჭაობია. დიახ, სრუტე — კრიტიკულია (მასზე გადის მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი), მაგრამ მასზე კონტროლის დროებითი დაკარგვით შედარებით უფრო ძლიერად ზარალდებიან გარე მომხმარებლები: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ევროკავშირი. ტრამპის ცინიკურ, მაგრამ გასაგებ ლოგიკაში ეს ნიშნავს: ამერიკა შესაძლოა დაზარალდეს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ სხვები გაცილებით უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად წააგებენ. და ეს უკვე შეიძლება ტრამპისთვის გადაიქცეს პოლიტიკურ და გეოეკონომიკურ დამატებით აქტივად.

აქედან მოდის მთავარი დასკვნა: ირანული კამპანიის სწრაფად დასრულება ტრამპისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი ხანგრძლივ ომად გადაქცევა, რადგან მოკლე, თუნდაც არასრულყოფილი ფინალი შეიძლება მის მიერ გასაღებული იქნას როგორც სტრატეგიული „გამარჯვება“, ხოლო გრძელი ომი გარდაიქმნება სისუსტედ და ტაქტიკურ მარცხად. მას ჯერ კიდევ შეუძლია თქვას: ირანი დასჯილია, მიუღებელი რეჟიმი — მისაღები ხელისუფლებით ჩანაცვლდა, ბალისტიკური რაკეტების მარაგი — განახევრდა, ბირთვული პროგრამა — შეჩერებულია, აშშ არ გატყდა — და შემდგომი ჩათრევა ომში საჭირო არ არის. მაგრამ თუ ომი გაიწელება, ანგარიში უკვე წავა არა ირანის განადგურებულ ობიექტებზე, არამედ ამერიკაში ფასების ზრდაზე, ახალ სამხედრო ბიუჯეტებზე და თავად ტრამპის პოლიტიკურ გამოფიტვაზე. მის სისტემაში ეს არის მთავარი კრიტერიუმი — არა იდეალური შედეგი, არამედ დროულად თამაშიდან გამოსვლა იმაზე ნაკლები დანაკარგით, ვიდრე სხვებს მიადგათ,“ — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.