ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის,  სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა მოყვარულებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან.  პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებები ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით მიიღება. 

დაინტერესებული პირების, მათ შორის, ცხოველთა დამცველების, მომართვის  საფუძველზე,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,   ცვლილებები შევიდა „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ N412 განკარგულებაში.  ცვლილებების, (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი) თანახმად, არაიდენტიფიცირებული (მიუსაფარი)  ძაღლების ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, სააგენტოს შესაბამისი ეკიპაჟები ძაღლებს იმავე ლოკაციაზე დააბრუნებენ, საიდანაც მათი აყვანა მოხდა.  

ასევე, ცხოველების ჰიპერპოპულაციის ეფექტიანი მართვის აუცილებლობის და  იმ გარემოების  გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ არის ვეტერინარული დაწესებულებები,  ძუ ძაღლების სტერილიზაცია (რომელიც  სააგენტოს მიერ მომსახურების შესყიდვით ხორციელდება) შესაძლებელია, ჩატარდეს ვეტერინარული დაწესებულების გარეთ.  მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში, ძაღლის სტერილიზაცია უნდა განხორციელდეს ცხოველის კეთილდღეობის დაცვით, სტერილურ პირობებში და  კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილი წესით.

საყურე ნიშნით იდენტიფიცირებადი მიუსაფარ/მიკედლებული ძაღლების  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  განხორციელდება თავშესაფარში გადაყვანის გარეშე,  აყვანის ადგილზე.