გავლენიანი ფრანგული გამოცემა “ფრანს 24” ევროპაში ენერგოკრიზისზე წერს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტარები ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების დღიდან ენერგორესურსების ფასებს ყურადღებით აკვირდებიან.
აღმოფხვრის თუ არა დონალდ ტრამპსა და ირანელებს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნავთობისა და გაზის იმ მასშტაბური შოკის მოლოდინს, რომლის წინაშეც ევროპელები აღმოჩნდნენ? - ახლა ეს არის მთავარი კითხვა. მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა, ევროკავშირი ენერგომოხმარების 55%-ით კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული. წევრი ქვეყნები ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, განსაკუთრებით კი რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, კვლავ მოსკოვისგან მიღებული ნავთობით მარაგდება. ენერგეტიკული სუვერენიტეტის მიღწევის გზებს შორის განიხილება განახლებადი ენერგია და ბირთვული ენერგეტიკა. აღნიშნული საკითხები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის დებატების საგანია, რადგან თითოეული სახელმწიფო საკუთარ იდეალურ „ენერგეტიკულ მიქსს“ იცავს.




