თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი გალა-მიღება და მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა გაიმართა, რომელიც საქართველოს მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას ეძღვნებოდა. წარმოდგენა სიმბოლურად აერთიანებდა ღვინის დაბადების, ვაზის ყვავილობისა და ქართული ღვინის კულტურის განვითარების თემებს და წარმოაჩენდა ქვეყნის ღვინის ტრადიციის ისტორიულ უწყვეტობას.
„კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს მივულოცო ღვინის ეროვნული დღე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ღვინო ქართული ცხოვრების წესისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ღვინოზე და ხაზგასმით გვეთქვა, რომ ღვინო ქართველია.
ღვინის ეროვნული დღე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული შემაჯამებელი ღონისძიებით „ღვინის დაბადება“ სრულდება, რომელიც ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და მის უნიკალურ კულტურულ მნიშვნელობას ეძღვნება”,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ქართული ღვინის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი მევინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ დაწესდა. ახალი თარიღი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის - ქართული ღვინის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში ასევე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. პარალელურად, გუდიაშვილის მოედანზე მოეწყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მარნებისა და ღვინის ბარების ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ღვინოების მრავალფეროვნებას.




