მე ზუსტად ვიცი, რომ არ ვიცი, როგორ განვითარდება და რით დამთავრდება ამერიკის და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. არც არავინ იცის (მათ შორის არც ტრამპმა და ნეთანიაჰუმ).
ტრამპს ხშირად აკრიტიკებენ (ამერიკელებიც და სხვებიც) , რომ მას არა აქვს მკაფიო გეგმა ირანელი ხალხისთვის, რომ ირანში დემოკრატიის დამყარება მისი პრიორიტეტი არ არის. - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
"ეს კრიტიკა თავისთავად სამართლიანია, მაგრამ არარელევანტური, რადგან წინასწარ კარგად გათვლილი გეგმა ირანელი ხალხისთვის ვერავის ექნება. ეს პრინციპულად შეუძლებელია.
საბოლოოდ, ეს ოპერაცია შედეგის მიხედვით შეფასდება. მაგრამ თავისთავად აღბული, ირანზე შეტევა მორალურად გამართლებულია, რადგან ირანის რეჟიმი არა მხოლოდ მის ხალხს აუბედურებს, არამედ რეგიონში თითქმის ყველა ბოროტი ძალის აქტიური მხარდამჭერია.
თუ ამერიკა და ისრაელი თავიანთ რესურსებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ირანის რეჟიმი რადიკალურად დაასუსტონ ან მთლიანად ჩამოშალონ, მათ ამისთვის მადლობა ეთქმით. ტრამპის ან ნეთანიაჰუს პირადი მოტივები მეორეხარისხოვანი თემაა. (ვისაც უნდა, ამაზეც იმსჯელოს, მე ნაკლებ მაინტერესებს).
რაც შეეხება იმას, როგორ ვხედავ ამერიკა-ისრაელის სტრატეგიას. პირველ რიგში, გამორიცხული მგონია ავღანეთის ან ერაყის სცენარი, სადაც ამერიკა, თუნდაც დროებით, ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ეცდება. ტრამპის იზოლაციონისტობა ტყუილი აღმოჩნდა, მაგრა ასე შორსაც ალბათ არ წავა, აშკარა რისკის გამო.
პროგრამა-მინიმუმია ირანის რეჟიმის რადიკალური დასუსტება, რაც თავისთავად კარგი, მაგრამ დროებითი შედეგი იქნება. პროგრამა-მაქსიმუმია რეჟიმის ჩამოშლა, რაც მხოლოდ შიდაირანული აქტორების გაძლიერებით და მათი მხარდაჭერით შეიძლება მიიღწეს. ეს გაცილებით რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
ცხადია, არც სამოქალაქო ომია გამორიცხული. ეს საშინელი სცენარია, მაგრამ ასეთი სუპერ-რეპრესიული რეჟიმები ხშირად სამოქალაქო ომებით სრულება (იხ. სირია, ლიბია და სხვ.). სამწუხარო, მაგრამ კანონზომიერებაა.
შეიძლება შუალედური (დავარქვათ "ვენესუელური") სცენარი: რეჟიმის „მოთვინიერება“, ანუ ახალი პრაგმატული ლიდერების დათმობებზე დაყოლიება. ისევე როგორც ვენესუელაში, ეს არცთუ დამაკმაყოფილებელი და, ალბათ, არამდგრადი შედეგია, მაგრამ მაინც უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება." - წერს გია ნოდია "ფეისბუკში".




