ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიგა ძნელაძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ამირან გულუაშვილი და ასევე პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ რანგში დაწინაურებულ პროკურორებს და გამომძიებლებს პროფესიული წინსვლა მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს არის თქვენი შრომის, პროფესიული თავდადების და ხელმძღვანელების მხრიდან ნდობის გამოცხადების კიდევ ერთი აღიარება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროკურატურის თანამშრომლის წინსვლა ჩვენი სისტემის წინგადადგმული ნაბიჯი და ყველას გამარჯვებაა. ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია თანამშრომელთა პროფესიული ზრდის შესაბამისი ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა და გაწეული შრომის დაფასება. წახალისებას და რანგირებას საფუძვლად უდევს რთული, თავდაუზოგავი და ყოველდღიური შრომა. ვაფასებ თქვენს მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას და მადლობას გიხდით საპასუხისმგებლო პროფესიული ტვირთის ღირსეული შესრულებისთვის,” - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს აქედან 17 პროკურორს და 5 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მიენიჭა 19 თანამშრომელს - 15 პროკურორს და 4 გამომძიებელს.




