"არანაირ გაერთიანებას არ განვიხილავთ იმ ხალხთან, ვინც ფაქტობრივ დიქტატურაში 40 მილიონი იშოვა, პარტიები დაშალა, შემდეგ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და 4 ოქტომბერი დააორგანიზა - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ნამდვილად არ აინტერესებს, ეს პარტიები ერთმანეთთან გაერთიანდებიან, კიდევ დაიშლებიან თუ სხვა რამე პოლიტიკურ აქტივობას მიმართავენ.
„ეს პარტიები ადრე გაერთიანდნენ და მერე დაიშალნენ. დღეს ისევ ერთიანდებიან და კვლავ ერთობაზე საუბრობენ, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“. მათი განაყოფები, მოქმედი „ნაცები“, თუ ყოფილი „ნაცები“. ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის აქვთ ასახსნელი, ფაქტობრივი დიქტატურის დროს საიდან მიიღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ათეულობით მილიონი ლარი, რითაც საარჩევნო კამპანია აწარმოეს, როგორ მოახდინეს და როგორ დაგეგმეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული სცენარი, სადაც ჩვენი მოქალაქეები დიდ სიცრუეში შეიყვანეს და ფაქტობრივად, ხელს უწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ასევე, რატომ მოახდინეს კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება. მთელი ამ მავნებლური სცენარით „ქართული ოცნების“ პროპაგანდის საქმე გააკეთეს. ისინი ძალიან ხშირად, ფაქტობრივად, ყოველთვის, როგორც ახლა, მანამდეც „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ მაშველ რგოლს აკეთებენ და თავიანთი პოლიტიკური აქტივობით „ქართულ ოცნებას“ საჩუქარს უკეთებენ. საზოგადოებას უნდა აუხსნან განვლილი პერიოდში რას ემსახურებოდნენ და ამას რატომ აკეთებდნენ.
შეუძლიათ, გაერთიანდნენ ან გაიყონ. ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარების მომზადებაში. ბუნებრივია, ჩვენ მათთან არანაირი საერთო არ გვაქვს. ნამდვილად არ გვაინტერესებს, ეს პარტიები ერთმანეთთან გაერთიანდებიან, კიდევ დაიშლებიან თუ სხვა რამე პოლიტიკურ აქტივობას მიმართავენ. ჩვენ არანაირი კავშირი, ერთობა და ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყოფილ „ნაცებთან“, ახალ „ნაცებთან“ და მოქმედ „ნაცებთან“ არ გვექნება“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.




