ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა უმძიმესი დოკუმენტია ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფოს ინტსერესებიდან გამომდინარე, ამ დასკვნაში ზეიმისა და თვითკმაყოფილების საფუძველი არავის აქვს. 2022 წელს ეს მექანიზმი ამოქმედდა რუსეთზე, 2023 წელს - ბელორუსზე, ხოლო 2026 წელს საქართველოზე. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყანა იმავე პოლიტიკურ სიაში აღმოჩნდა, სადაც რუსეთი და ბელორუსი არიან. ეს არის უმძიმესი საერთაშორისო შეფასება და გამოვლინება - თუ სად მიიყვანა ქვეყანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წლობით ნაშენები საგარეო მიღწევების, სახელმწიფოებრივი იმიჯის და საერთაშორისო პერსპექტივების განადგურების პარალელურად - ქვეყნის შიგნითაც ვხედავთ რომ ოცნება სიღარიბეში, სიძვირეში, გამოუვალ და უიმედო მდგომარეობაში ამყოფებს მოსახლეობას და ყოველდღიურ ქრონიკად იქცა იმის ყურება და მოსმენა: როგორ მდიდრდებიან ოცნების ჩინოვნიკები და ივანიშვილის გარემოცვა და როგორ ღარიბდება და ყოველდღიურად უმძიმდება ცხოვრება ქართველ ხალხს.
თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა აქ ზიხართ და ვინც ამ დარბაზში მოხვდით ოცნების საარჩევნო სიით, პირადად ხართ პასუხისმგებლი ამ ვითარებაზე და ამ საბედისწერო ჩიხში ქვეყნის შეყვანაზე, სადაც ბოლო 5 წელია გადაუხვიეთ.
მზად ხართ და აცნობიერებთ თუ არა თქვენ როლს და გარდაუვალ პასუხისმგებლობას თუ თქვენც ირაკლი კობახიძესავით აპირებთ თქვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს გადაულოცოთ პასუხისმგებლობა?
რამდენი სტრატეგიული პარტნიორის მკაცრი შეფასება და ანგარიში ვნახეთ მხოლოდ ბოლო პერიოდიში -
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ღიად საუბრობს სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.
ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ 2024 წლის არჩევნებისა და შემდგომი მოვლენების გამო, საქართველოსთან თანამშრომლობა გადაიხედა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ჩვენს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად 15,000 დოლარამდე ფულადი გარანტიის გადახდა მოუწევთ. ეს არის შეზღუდვა, რომელიც არ ვრცელდება საქართველოს არცერთ მეზობელ სახელმწიფოზე და ჩვენს ქვეყანას მონღოლეთისა და ნიკარაგუას გვერდით აყენებს.
თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერების ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეებს იზოლაციაში აქცევთ და მათ ინტერესებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას სწირავთ.
ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნით, ხელისუფლება შეფასებულია როგორც ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების, ძალადობისა და რეპრესიული პრაქტიკის ავტორი. დოკუმენტში საუბარია: მოქალაქეების მიმართ ძალადობასა და დაკავებულთა ცემაზე; განსხვავებული აზრის დევნასა და დაშინებაზე; რეპრესიულ კანონებზე და სახელმწიფოს მიერ ძალის ბოროტად გამოყენებაზე.
ამავე დასკვნაში დადასტურებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და მასზე შურისძიების მოტივით განხორციელებული ფიზიკურ თავდასხმა.
ამ ყველაფრის შემდეგ თავად დასკვნაზე არანაკლებ საგანგაშო ხელისუფლების რეაქციაა. იმის ნაცვლად, რომ ეუთოს რეკომენდაციები ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობად გამოგეყენებინათ, თქვენ - ოცნების გუნდმა ღია კონფრონტაცია აირჩიეთ და დემონსტრაციულად უარს ამბობთ რეკომენდაციების შესრულებაზე.
ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა იმ პროცესებზე, რომლებიც სწორედ თქვენი მმართველობის პირობებში განვითარდა. ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლება მზად არ არის პრობლემების აღიარებისა და რეალური გამოსწორებისთვის.
შეგახსენებთ, რომ თქვენ ოფიციალურად გიჭირავთ სახელმწიფო თანამდებობები. თქვენ არც საპატიო თავმჯდომარეები ხართ და არც საპატიო დეპუტატები, არც საპატიო პრემიერები და არც საპატიო მინისტრები, ქვეყნის და ხალხის წინაშე კანონის ძალით ხართ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობას დღეს თუ ხვალ ვერსად გაექცევით.
ისტორიული ირონიაა, რომ მათ ანგარიშზე, ვისაც დღეს კორუფციისთვის იჭერთ, მემკვიდრეობად კანდიდატის სტატუსი და ევროპასთან დაახლოება დარჩათ. დღევანდელი მმართველობის ანგარიშზე კი მხოლოდ საერთაშორისო რეპუტაციის განადგურება, იზოლაციის საფრთხე და ევროპული პერსპექტივის გაჩერებაა.
ფაქტია - ოცნების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
სამწუხაროდ, დღემდე ხელისუფლების რეაგირება მხოლოდ ადასტურებს დასკვნაში მოცემულ შეფასებებს და კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას." - განაცხადა გიგა ფარულავამ.




