ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მულტიფუნქციური კომპლექსის საკონკურსო განაცხადები და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე 6 საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის წარდგენილი წინადადებები განიხილა.

1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლებას როგორც სპორტულ, ისე კულტურულ შემეცნებით საჭიროებებს.

რაც შეეხება ბაღების განაცხადებს, კომისიამ განიხილა რუსთავში 300 და 100 ბავშვზე გათვლილი საბვშვო ბაღების პროექტები, ასევე, ქალაქ ლანჩხუთში 125 და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში 100 ბავშვზე გათვლილი ბაღების პროექტები.

კომისიამ იმსჯელა, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოსლებში 50 ბავშვზე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 25 ბავშვზე გათვლილი ბაღების საპროექტო წინადადებებზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური კომპლექსის და საბავშვო ბაღების პროექტები, შემდგგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისია გამარჯვებული პროექტების ავტორებს რამდენიმე დღეში დაასახელებს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს