ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ყველგან ვართ და სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხითაც საქართველოს ფუნქცია მუდმივად ძლიერდება. შესაბამისად, საქართველო არის ყველგან. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. გავიგეთ, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება. გავიგეთ, რომ უნდოდათ, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, აგენტურას არ იღებს, არ აბრუნებს ხელისუფლებაში და ხომ შეიძლება შეეშვან ამ ყველაფერს? ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება. დანარჩენი, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად ღია, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, მათ შორის მზად ვართ იმისათვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ გასული ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.